სირიის ხელისუფლებამ გენერალ დაუდ რაჯიხის დაღუპვის გამო, თავდაცვის ახალ მინისტრად გენერალი ფახად ჯასიმ ფრეიჯი დანიშნა.
გენერალი ფრეიჯი ახალ დანიშვნამდე ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდალი იყო.
ამ ინფორმაციას სირიის ტელევიზიაზე დაყრდნობით „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
დაუდ რაჯიხი რამდენიმე საათის წინ, დამასკოში ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შენობაში მომხდარი აფეთქების დროს დაიღუპა.
თვითმკვლელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა შენობაში სირიის მთავრობისა და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენელთა თათბირის დროს აამოქმედა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თავის თავაზე „სირიის თავისუფალმა არმიამ“ აიღო. აფეთქების შემდეგ კი, სირიაში ვითარება უფრო დაიძაბა.
მინისტრის გარდა, დაიღუპა მისი მოადგილე ასიფ შავკათი, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის სიძე - დის ქმარი იყო.
დაუდ რაჯიხი ამ პოსტზე გასული წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.
სირიაში წელიწადზე მეტია სამთავრობო ჯარებსა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. გაერო-ს მონაცემებით, დაღუპულია 12 ათასზე მეტი ადამიანი. სირიის ხელისუფლების განცხადებით, ოპოზიციასთან შეტაკებების შედეგად, 2 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და სამართალდამცავია გარდაცვლილი. აპრილიდან სირიაში კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა მოქმედებს, თუმცა, კონფლიქტში ჩართული მხარეები ახალი შეიარაღებული ინციდენტებისა და მსხვერპლის შესახებ მუდმივად აკეთებენ განცხადებებს.
