იურიე ლიანკე - დნესტრისპირეთის სტატუსზე საუბრისას ფედერალიზაციაზე აქცენტი სპეკულაციაა
იურიე ლიანკე - დნესტრისპირეთის სტატუსზე საუბრისას ფედერალიზაციაზე აქცენტი სპეკულაციაა
11:59 10.07.2012
დნესტრისპირეთის სტატუსზე საუბრისას ფედერალიზაციაზე აქცენტის გაკეთება წმინდა წყლის სპეკულაციაა - აღნიშნული განცხადება მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრმა იურიე ლიანკემ თბილისში,  თავის ქართველ კოლეგა გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხანგრძლივი დროის შემდეგ, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების განახლება მოხერხდა და მიმდინარე კვირას, ვენაში  მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი გაიმართება, სადაც საუბარი შეეხება ადამიანის უფლებების საკითხებსა და ნდობის ფაქტორის შექმნას.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დნესტრისპირეთის სტატუსზე საუბრისას ფედერალიზაციაზე აქცენტის გაკეთება წმინდა წყლის სპეკულაციაა, რომელიც არაფრითაა გამყარებული. იგი მიიჩნევს, რომ საუბარი რეალურ საკითხებზე უნდა წარიმართოს.
„არის წითელი ხაზები, რომელსაც არასდროს გადავკვეთთ, ამ პრობლემის გადაწყვეტა ისე უნდა მოხდეს, რომ მოლდოვა არა შესუსტებული, არამედ გაძლიერებული გამოვიდეს“ - განაცხადა ლიანკემ.
მისი თქმით, დნესტრისპირეთის საკითხთან დაკავშირებით, მოლდოვა გერმანიის კანცლერის ზაფხულში დაგეგმილ ვიზიტზე დიდ იმედებს ამყარებს.


ბეჭდვა