ავღანეთს სამოქალაქო დახმარების სახით, ოთხი წლის განმავლობაში, 16 მლრდ აშშ დოლარი გამოეყოფა. ამის შესახებ გადაწყვეტილება
დონორებმა ტოკიოს საერთაშორისო კონფერენციაზე მიიღეს.
გადაწყვეტილების მიხედვით, ავღანეთს ყოველწლიურად 4 მლრდ აშშ დოლარი 2012-2015 წლებში გადაერიცხება, რათა საკუთარი ქვეყნის დაცვა შეძლოს ნატოს ჯარების გასვლის შემდეგ.
ტოკიოს კონფერენციაზე უმსხვილესს დონორებს შეერთებული შტატები, იაპონია, გერმანია და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო წარმოადგენდნენ.
იაპონიის და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების თქმით, ფულადი დახმარების სანაცვლოდ, ავღანეთმა კორუფციასთან ბრძოლა უნდა დაიწყოს და მთავრობის მუშაობა გააუმჯობესოს.
ტოკიოს კონფერენციაზე ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ პირობა დადო, რომ კორუფციას ბრძოლას გამოუცხადებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ავღანეთი განვითარდა, მისი ეკონომიკა მაინც სუსტია, ამიტომ გააგრძელებს საერთაშორისო დახმარების მიღებას მანამ, სანამ ქვეყანა ეკონომიკურ სტაბილურობას არ მიაღწევს.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ამჟამად, საერთაშორისო დახმარება ავღანეთის მშპ-ს 95%-ს შეადგენს.
