საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინა მაშინ გაიმარჯვებს,
როდესაც უკრაინის პოლიტიკაზე გავლენას ვერცერთი ოლიგარქი ვერ მოახდენს.
სააკაშვილის თქმითვე, ხალხი პოლიციის თავდასხმებს მისთვის კი არ იგერიებს, არამედ საერთო გამარჯვებისთვის.
ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინული ტელევიზიის „NewsOne-ის“ ეთერში განაცხადა.
„ადამიანები, რომლებიც პოლიციის ავტობუსიდან მათავისუფლებდნენ, მიხეილ სააკაშვილისთვის არ იბრძოდნენ. ხალხი აქ დგას და პოლიციის თავდასხმას იგერიებს, არა მიხეილ სააკაშვილისთვის, არამედ საერთო გამარჯვებისთვის. გამარჯვება კი, ხელისუფლებიდან ოლიგარქატის ჩამოშორებას, ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნას გულისხმობს. როდესაც ვერცერთი ოლიგარქი ვეღარ შეძლებს უკრაინის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას, ეს იქნება გამარჯვება. ადამიანებს მოაქვთ კარვების ქალაქში ფული, საკვები და შეშა. ჩვენ დასახმარებლად ჩვეულებრივი მოქალაქეები მოდიან და ეს ერთიანობის მაჩვენებელია. როგორც არ უნდა დაარბიონ ეს ბანაკი და მე ვიცი, რომ ხელისუფლებას ამის გეგმა აქვს, ხალხი გაერთიანებას იწყებს“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ორი დღის წინ დააკავეს, თუმცა მხარდამჭერებმა მისი გათავისუფლება შეძლეს.
