საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ
სააკაშვილის განცხადებით, მას ორი მოთხოვნა წაუყენეს, რისი შეუსრულებლობის შემთხვევაშიც, საქართველოში უკანონოდ გაძევებულთა რიცხვში მოხვდება.
აღნიშნულის შესახებ სააკაშვილმა ერთ-ერთი მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
მისივე თქმით, ის და მისი მხარდამჭერები ყველა კანონიერი გზით განაგრძობენ ბრძოლას.
„2 დღის წინ ჩემთან მოვიდა ჩემთვის კარგად ნაცნობი ადამიანი და პეტრო პოროშენკოსგან გზავნილი გადმომცა. ჩემს მიმართ ორი მოთხოვნა არსებობს: პირველი - მე უნდა გავაკრიტიკო იულია ტიმოშენკო. მეორე მოთხოვნა კი ის არის, რომ არ მაქვს უფლება შევეხო თავდაცვის სფეროში არსებულ კორუფციის ფაქტებს. თუკი მე ამ მოთხოვნებს არ შევასრულებ, მიმანიშნეს, რომ იმ ქართველების ბედს გავიზიარებ, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საქართველოში უკანონოდ გააძევეს.
ამ ადამიანმა ასევე მითხრა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ჩემს წინააღმდეგ კომპრომატებს აგროვებდა და თუკი მოთხოვნებს არ შევასრულებ, მათ მედიას გადასცემენ. ისინი თვლიან, რომ შანტაჟით რამის გაკეთებას მაიძულებენ ან ჩემს შეხედულებებზე ვიტყვი უარს. მე მათ საჯაროდ ვპასუხობ - ჩვენ ყველა კანონიერი გზით განვაგრძობთ ბრძოლას უკრაინაში ვითარების შასაცვლელად. უნდა ვაჩვენოთ, რომ ხალხი აღარ ითმენს," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
