კიევში მილიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა
კიევში მილიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა
13:55 04.07.2012
უკრაინის შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის „ბერკუტის“ 10 მილიციელი კიევში საპროტესტო აქციის მონაწილეებთან შეტაკების შედეგად, ჰოსპიტალიზებულია.  ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შსს ავრცელებს, იუწყება „ბი-ბი-სი“.

აქციის მონაწილეები არ ეთანხმებიან კანონს ენის პოლიტიკის შესახებ.

უმაღლესმა რადამ გუშინ მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „სახელმწიფო ენის პოლიტიკის საფუძვლების შესახებ“, რის გამოც, 7-მა დეპუტატმა რადას შენობასთან შიმშილობის აქცია დაიწყო. საპროტესტო აქცია რადასთან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აქციამ დღეს „უკრაინის სახლთან“ გადაინაცვლა, სადაც უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის პრესკონფერენცია იყო დაგეგმილი, თუმცა, პარლამენტის სპიკერის ვლადიმერ ლიტვინის გადადგომის გამო, მისი ადგილი და დრო შეიცვალა.

ლიტვინმა ამგვარად გამოხატა თავისი პროტესტი რადის მიერ მიღებულ პროექტთან დაკავშირებით.

კანონპროექტის თანახმად, ადგილობრივი მმართველობის სახელმწიფო ორგანოებს მუშაობაში რეგიონალური ენების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ, თუ მათ ტერიტორიაზე გარკვეულ ენაზე მოსაუბრე მოსახლეობის არანაკლებ 10% ცხოვრობს.

ოპოზიციამ ამ ფაქტს „ორენოვნების მცოცავი დანერგვა“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს არის „ამ მოწვევის პარლამენტის პოლიტიკური სუიციდი“.

შსს-ს ინფორმაციით, აქციის ცალკეულმა მონაწილეებმა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური ძალა და აეროზოლის ბალონით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს.

აღსანიშნავია, რომ ადრე ენის კანონის გამო, უმაღლესი რადის ვიცე-სპიკერი ნიკოლაი ტომენკო გადადგა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტში ოპოზიციას დეპუტატის მანდატის დატოვებისკენ მოუწოდეს.

ბეჭდვა