მიხეილ სააკაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ძველი რევოლუციონერი ვარ, ახალი რევოლუციის ორგანიზების არანაირი სურვილი არ გამაჩნია
 მიხეილ სააკაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ძველი რევოლუციონერი ვარ, ახალი რევოლუციის ორგანიზების არანაირი სურვილი არ გამაჩნია
10:19 18.09.2017
საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში პოლიტიკური კრიზისია, რისი საუკეთესო გამოსავალიც არჩევნების ჩატარებაა.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ პრეზიდენტის იმპიჩმენტისა და დეპუტატების იმუნიტეტის გაუქმების შესახებ კანონი უნდა მიიღოს.
ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინის ქალაქ ვინნიცაში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

„უკრაინის ხელისუფლებას ჩემი უკრაინაში შემოშვება იმის გამო არ უნდოდა, რომ მათი ქურდობისთვის ხელი არ შემეშალა, არც კი მესაუბრა კორუფციაზე. ისინი აცხადებენ, რომ ქვეყანაში 100-ზე მეტი რეფორმა ჩაატარეს, სინამდვილეში კი, ეს მხოლოდ რეფორმების იმიტაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ძველი რევოლუციონერი ვარ, ახალი რევოლუციის ორგანიზების არანაირი სურვილი არ გამაჩნია. მაგრამ, ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება მიიღოს კანონი პრეზიდენტის იმპიჩმენტისა და დეპუტატების იმუნიტეტის გაუქმების შესახებ, შექმნას ანტიკორუფციული სასამართლო. უნდა გადაწყდეს რეფორმების საკითხი. ამ მოთხოვნებს ჩვენ კიევში ჩასვლისთანავე გავაცნობთ უმაღლეს რადას და პრეზიდენტს. თუკი ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნებს არ მიიღებს, ჩვენ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოვითხოვთ. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და საუკეთესო გამოსავალი არჩევნებია”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი უკრაინაში 10 სექტემბერს ჩავიდა. დააჯარიმებენ თუ არა მას უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის, დღეს გაირკვევა. ის კი, როდის გაემგზავრება საქართველოს მესამე პრეზიდენტი კიევში, ჯერ-ჯერობით უცნობია.

ბეჭდვა