საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში პოლიტიკური კრიზისია,
რომელიც არჩევნებით უნდა მოგვარდეს.
მისივე თქმით, აქვს ამბიცია, რომ სხვა ძალებთან ერთად ახალი პოლიტიკური კლასის წარმოქმნის ნაწილი გახდეს.
ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია "news one"-ის ეთერში განაცხადა.
„უკრაინის რეგიონებში დაახლოებით ორ - სამ კვირას გავატარებთ, შემდეგ კიევში ჩავალთ და ხალხის პრეტენზიებს ხელისუფლებას გავაცნობთ. თარიღს დავასახელებთ და არჩევნებს მოვითხოვთ, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. კრიზისები კი არჩევნებით გვარდება. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვინ გაიმარჯვებს არჩევნებზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალი საპარლამენტო უმრავლესობა. მე არ ვაპირებ პრეზიდენტობას, არც რაიმე სხვა თანამდებობის დაკავება მსურს. მე ერთი ამბიცია მაქვს - სხვა ძალებთან ერთად ვიყო ახალი პოლიტიკური კლასის წარმოქმნის ნაწილი, რომელსაც არა ფულის კეთების, არამედ უკეთესი ქვეყნის აშენების მოტივაცია ექნება“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, ქალაქ ლვოვში სამი დღის წინ ჩავიდა, სადაც მას ქალაქის მერი დახვდა. სააკაშვილი უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობას გეგმავს, თუმცა როდის ჩავა ის კიევში, ჯერ-ჯერობით უცნობია.
