ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იცხაკ შამირი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ განცხადება მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ
ნეთანიაჰუმ გააკეთა და პატივი მიაგო მის თავდადებას ისრაელისადმი.
„შამირი ნაწილი იყო იმ თაობის, რომელმაც ისრაელის სახელმწიფო შექმნა და ებრაელი ხალხისთვის იბრძოდა“- ნათქვამია მის განცხადებაში.
იცხაკ შამირი 1915 წელს პოლონეთში დაიბადა. მისი ოჯახის წევრები პოლონეთის დაპყრობის დროს მოკლეს, რის შემდეგაც შამირი პალესტინაში გადასახლდა, სადაც სიონისტების გასამხედროებულ ორგანიზაციას შეუერთდა. იგი სიონისტებთან ერთად ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის იბრძოდა.
მისი პოლიტიკური კარიერა 1970-იან წლებში დაიწყო. იგი ორჯერ იქნა პრემიერ-მინისტრად არჩეული. პოლიტიკური საქმიანობა 1992 წელს, არჩევნებში დამარცხების შემდეგ მიატოვა.
