მინსკში „თბილისობა 2017“ გაიმართა
მინსკში „თბილისობა 2017“ გაიმართა
23:49 03.09.2017
ქალაქ მინსკის ისტორიულ ცენტრში საქართველოს საელჩოს, კომპანია ბორჯომის, თბილისის მერიის და მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა ქართული კულტურის რიგით მესამე ფესტივალი „თბილისობა 2017“. ფესტივალი გახსნეს მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი შორეცმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა დავით კოტარიამ.



„თბილისობა 2017“ შედგებოდა სპეციალურად შექმნილი დღის და ღამის პროგრამებისგან და დატვირთული იყო სხვადასხვა ღონისძიებებით. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქართული ეროვნული სამოსის და თბილისის ხედების გამოფენები, ჩატარდა ქართული ენის გაკვეთილები, ცეკვის და სამზარეულოს მასტერკლასები. დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების და საქართველოს შესახებ ვიდეორგოლების ჩვენება. ღამე გაიმართა თანამედროვე ქართული დიზაინერების კოლექციების ჩვენება ქართული დიჯეების კომპოზიციების ფონზე.



ასევე, ანსამბლის “ქართული ხმები“, ცეკვის ანსამბლის „მერანი“ და Tbilisi Big Band-ის სოლისტების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი, რომელმაც ბელარუსის საზოგადოების არნახული ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

თბილისობის დღესასწაულის აღნიშვნა მინსკისთვის უკვე ტრადიციული გახდა. არსებული ინფორმაციით წელს ფესტივალს დაესწრო 55 ათასზე მეტი კაცი. დღესასწაული ფართოდ გაშუქებული იყო ბელარუსის მასმედიის საშუალებებში.

ასევე, საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში შედგა ფულადი დახმარების შეგროვება 13 წლის ქეთი ქარუმიძისთვის, რომელსაც ბელარუსში ჩაუტარდა გულის ტრანსპლანტაცია.



აღსანიშნავია, რომ ფესტივალმა დამატებითი პოზიტიური ფონი შექმნა 2017 წლის 4-5 სექტემბერს ბელარუსში დაგეგმილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალურ ვიზიტის წინ.


ბეჭდვა