ელიზბარ ჯაველიძე: ხიდაშელი დედოფალივით დაიჯგიმება, მის ქმარს კი თავი დავით სოსლანად წარმოუდგენია
ელიზბარ ჯაველიძე: ხიდაშელი დედოფალივით დაიჯგიმება, მის ქმარს კი თავი დავით სოსლანად წარმოუდგენია
14:53 08.04.2016
აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძის განცხადებით, „რესპუბლიკელებმა“ ყველაფერი გააკეთეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკას ჩამოშორებოდა.

როგორც ჯაველიძემ გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა, ისინი დადიოდნენ თავიანთ პატრონებთან და სთხოვდნენ, რამენაირად ჩამოეშორებინათ ხელისუფლებისთვის ეროვნულად მოაზროვნე კაცი.

„ამერიკის ელჩმა მათი მოთხოვნა ყურად იღო და ღარიბაშვილი მისი მითითებით გაუშვეს პრემიერობიდან. ამ ახალგაზრდა კაცს სამშობლოს სიყვარული არ აპატიეს. არც მისი კახური პირდაპირობა მოსწონდათ. ის თავის სათქმელს ხშირად უხეშად ამბობდა, მაგრამ ყოველთვის მართალი იყო. ის აზროვნებდა ისე, როგორც ქართველი კაცი უნდა აზროვნებდეს.

დღეს ბევრს საუბრობენ პოლიტიკაში მის შესაძლო დაბრუნებაზე. ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს. მისი დაბრუნება „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე ძალიან დაეხმარება. „რესპუბლიკელების“ და ირაკლი ალასანიას პარტიის გამო „ოცნებამ“ ისედაც ბევრი მხარდამჭერი დაკარგა.

იმედი მაქვს, რომ ღარიბაშვილი დაბრუნდება. მართალია, ამერიკას მისი ხილვა არ გაეხარდება პრემიერად, მაგრამ საქართველოში ქართველი ხალხის ნება უნდა იყოს მთავარი და არა ვიღაც უსაქმურის.

რაც შეეხება „რესპუბლიკელებს“, ისინი კოალიციაში ვეღარ დარჩებოდნენ. ქართველი ხალხის განწყობის წინააღმდეგ წასვლა ძალიან ძნელი იქნებოდა. ხალხის განწყობა ამერიკის ელჩის სურვილზე ძლიერია. ბევრი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, ხშირად ვხვდები მოსახლეობას. მათი უმეტესი ნაწილი ამბობდა, რომ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ხმას არ მისცემდნენ, თუ იქ სულ და ხორცგაყიდული „რესპუბლიკელები“ იქნებოდნენ. მათი მადაც გაიზარდა და კიდევ რამდენიმე მინისტრის დანიშვნა მოითხოვეს. ხალხს ისიც ვერ მოუნელებია, ხიდაშელმა თავისი სურვილი რომ აისრულა და თავდაცვის მინისტრი გახდა. ესეც არ იკმარა და ახლა დედოფალივით დაიჯგიმება. მის ქმარს თავი დავით სოსლანად წარმოუდგენია და რაღაც სიბრძნეებს ამბობს“ - აცხადებს ჯაველიძე.

ბეჭდვა