ბადრი ნაჭყებია: ტერორიზმის წინააღმდეგ ხელისუფლების ნაბიჯებს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ
ბადრი ნაჭყებია: ტერორიზმის წინააღმდეგ ხელისუფლების ნაბიჯებს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ
15:09 20.04.2015
ექსპერტის ტერორიზმის საკითხებში ბადრი ნაჭყებიას განცხადებით, აუცილებელია, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში დიდი რესურსი ჩაიდოს, თუმცა აშკარაა, რომ სახელმწიფოს მასთან გამკლავება უჭირს.

ნაჭყებიამ ეს, გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.

,,შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ პროცესთან გამკლავება უჭირს სახელმწიფოსაც. საქართველო არ არის მდიდარი სახელმწიფო, მაგრამ აუცილებელია, უფრო მეტი რესურსი ჩაიდოს ტერორიზმის კვლევასა და მასთან ბრძოლაში. ეს არ შეეხება მხოლოდ სპეცსამსახურებს, ამაში უნდა ჩაერთონ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, განათლების სამინისტრო და ა.შ. ამაში უნდა ჩაერთოს მუსლიმანური საზოგადოება, მათი ლიდერები, რასაც ჯერჯერობით ვერ ვხედავთ", - აცხადებს ექსპერტი.

ნაჭყებია აღნიშნავს, რომ საქართველოში ისლამური თემი საკმაოდ მასშტაბურია და აქცენტი მხოლოდ პანკისის ხეობაზე არ უნდა იყოს გადატანილი.

მისივე თქმით, საქართველოში ,,ისლამური სახელმწიფოს" ლობისტები ჰყავს, რომლებიც აქ მცხოვრები მუსლიმი ახალგაზრდების გადაბირებაზე მუშაობენ.

,,ვფიქრობ, საქართველოში ,,ისლამური სახელმწიფოს" ლობისტები არიან უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც კარგად არიან ადაპტირებული, აქვთ შესაბამისი დოკუმენტაცია და საქართველოში ლეგალურად იმყოფებიან. მათ გარშემოა შემოკრებილი ჩვენი მოქალაქე ფანატიკოსთა ჯგუფი. დარწმუნებული ვარ, ეს ლობისტები უკავშირდებიან საქართველოდან წასულ და ,,ისლამური სახელმწიფოს" რიგებში დაწინაურებულ ლიდერებს“ - აცხადებს ნაჭყებია.

ბეჭდვა