ფინანსური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილის სერგო ჯავახიძის განცხადებით,
მერიის მაღალჩინოსან ჯოკია ბოდოკიას საქმეში ერთ-ერთი მონაწილე მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძეა, რომელიც დავით კეზერაშვილის დროს ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა და მის ,,ბინძურ დავალებებს ასრულებდა“.
ეს განცხადება ჯავახიძემ გაზეთ ,,ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
,,მე ძალიან მაინტერესებს, რომელი ,,ქართული ოცნების“ კადრი გეგი ნიჟარაძე იყო, ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსად რომ წამოსვეს, რა დამსახურება აქვს მას თბილისის წინაშე? 2006 წელს, როცა მე დამაპატიმრეს, ჩემს საქმეში ყველაზე აქტიური სწორედ ნიჟარაძე იყო, ყველაფერს კადრულობდა და ყველა სიბინძურეზე აწერდა ხელს. ჩემი დაპატიმრების შემდეგ ის ჩემს სოფელში ჩავიდა და ყაჩაღური გზით თბილისში წამოიყვანა არა მარტო ჩემი, არამედ ნათესავებისა და მეგობრების მანქანებიც. ყველამ კარგად იცოდა, ჩემი დაპატიმრების დავალება საიდან მოდიოდა. ამ საქმის მოთავეები იყვნენ ირაკლი ოქრუაშვილი და დავით კეზერაშვილი. ნიჟარაძე ამ ადამიანების ბინძურ დავალებებს ასრულებდა“,- აცხადებს ჯავახიძე.
მისივე თქმით, მერიაში კორუფციული სქემა არსებობს, რის შესახებაც ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა იცოდნენ.
,,ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა უნდა იცოდეს, რომ მერიაში ადგილი აქვს ღალატს და კონკრეტულ ადამიანებთან ძალიან სერიოზული კითხვები არსებობს“,-აცხადებს ჯავახიძე.
მისივე თქმით, რაც დედაქალაქის მერიაში ხდება, თავდაცვის სამინისტროს ე.წ. კაბელების საქმე მასთან არაფერია.
,,ასე მოხდა შს სამინისტროში, სანამ იური ვაზაგაშვილი არ ააფეთქეს, დამნაშავე პოლიციელები არ გადადგნენ. ახლა ვიღაც ჯოკია ბოდოკიას უნდა აეღო ქრთამი, რომ ამათი ბუდე გამოაშკარავებულიყო? ვინ იცის, ეს პირველი მცდელობა იყო, თუ აქამდე დიდი ფული აქვთ აღებული? დღეს რაც მერიაში ხდება, თავდაცვის სამინისტროს კაბელების საქმე არაფერია. ეს უწყებები კეზერაშვილის კადრებით გადატენილია. ვინც ადრე კეზერაშვილის დაკვეთებს ასრულებდა, მათი დიდი ნაწილი ისევ ადგილზეა, ან დაწინაურებულია. თან ისეთ სამსახურებში სხედან, სადაც ფულის კეთება კარგად შეიძლება“, -ამბობს ჯავახიძე.
