ყოფილი პოლიტპატიმრის ტრისტან წითელაშვილის განცხადებით, ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე უახლოეს მომავალში აუცილებლად გაიხსნება.
ამის შესახებ მან გაზეთ „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ ჟვანიას საქმესთან ერთად, გია კრიალაშვილისა და ზურაბ ირემაძის მკვლელობებიც გაიხსნება, რადგან, მისივე თქმით, სამივე მათგანი იარაღით ვაჭრობას შეეწირა.
„საგამოძიებო უწყებისთვის ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, წესით ძალიან მალე უნდა გაიხსნას ზურაბ ჟვანიას, გია კრიალაშვილისა და ზურაბ ირემაძის მკვლელობები. სამივე მათგანი იარაღით ვაჭრობას შეეწირა. პროკურატურას იარაღით ვაჭრობაზეც მივაწოდეთ ინფორმაცია.
ზურაბ ჟვანიას ლიკვიდაცია შედიოდა როგორც სააკაშვილის, ასევე თემურ ალასანიას, ერიკ გუდისის და სხვა იმ ადამიანების პირდაპირ ინტერესებში, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იარაღის კონტრაბანდულ ვაჭრობას ეწეოდნენ.
საქართველოსთვის შეძენილი შეიარაღების გადაყიდვა ხდებოდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ირანი და სირია. იარაღის გასატანად ფოთის პორტი და თბილისის აეროპორტი სჭირდებოდათ. ეს ობიექტები მათ კონტროლს უნდა დაქვემდებარებოდა. დღის წესრიგში თბილისის აეროპორტის გასხვისების საკითხი დადგა. ამ მიმართულებით განსაკუთრებულად გააქტიურდნენ თემურ ალასანია და ერიკ გუდისი“- განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.
მისივე თქმით, მაშინ ზურაბ ჟვანია პრემიერის პოსტს იკავებდა და აეროპორტის გასხვისების წინააღმდეგი იყო, რადგან მისთვის კარგად იყო ცნობილი, თუ რა საქმიანობას ეწეოდნენ ეს ადამიანები.
„ამის შემდეგ, მასთან შუამავლის მეშვეობით დაიწყეს მოლაპარაკებები. ალასანიამ და გუდისმა ჟვანიას, თანხმობის ნაცვლად რაღაცები შესთავაზეს. ყოფილი პრემიერი ვერაფრით ვერ დაითანხმეს და როცა მიხვდნენ, რომ ის დათმობაზე არ წავიდოდა, მუქარაზე გადავიდნენ. თემურ ალასანიამ და ერიკ გუდისმა დაუბარეს, რომ თუ აეროპორტის გასხვისებას არ დათანხმდებოდა, მაშინ თვითონვე მიხედავდნენ მას. მუქარიდან მოკლე ხანში, ჟვანია გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. მისი მკვლელობის დეტალები ვანო მერაბიშვილმა, მიხეილ მაჭავარიანმა და გია ბარამიძემ კარგად იციან. ჟვანიას ლიკვიდაციის შემდეგ, რამდენიმე თვეში, კრიმინალურმა დაჯგუფებამ აეროპორტის ხელში ჩაგდება მოახერხა“- განაცხადა მან.
როგორც ტრისტან წითელაშვილი აცხადებს, საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი ზურაბ ირემაძე გულის შეტევით არ გარდაცვლილა, გია კრიალაშვილი კი დახვრიტეს.
„ზურაბ ირემაძე გულის შეტევით არ გარდაცვლილა, - ის მოკლეს. ამას გამოძიება დაადგენს. მის გვამს უკვე ჩაუტარეს ექსჰუმაცია. პასუხი მალე იქნება. როგორც უკვე გითხარით, იარაღით ვაჭრობისთვის თბილისის აეროპორტთან ერთად ფოთის პორტიც სჭირდებოდათ. ირემაძე საზღვაო ძალების სარდალი იყო. ეტყობა ვერც ის დაითანხმეს და მოიშორეს. გია კრიალაშვილი კი 2009 წლის მაისში დახვრიტეს. მისი მოკვლა ადრეც უნდოდათ. გია წლების განმავლობას უკრაინაში საქართველოს სამხედრო ატაშე იყო. სამსახურიდან წასვლის შემდეგ იქვე დარჩა. შეიარაღება საქართველოში უკრაინიდან შემოჰქონდათ. ამის შესახებ კრიალაშვილს ბევრი ინფორმაცია ჰქონდა. ეს კი იარაღით მოვაჭრეებს აშინებდა. ამიტომაც დახვრიტეს გია. ეს საქმეები ძალიან მალე გაირკვევა და ყველა დამნაშავე აგებს პასუხს. მათ შორის დავით კეზერაშვილიც“- განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.