ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პატრონაჟითა და სლოგანით - „მომავლის
მემკვიდრეობა“, საქართველო და გერმანია აღნიშნავენ მათი ურთიერთობების მნიშვნელოვან თარიღებს: ორასი წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელი კოლონისტების ჩამოსვლასა და საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელს. საქართველო-გერმანიის წლის აღნიშვნა 2018 წელსაც გაგრძელდება, კერძოდ, 2018 წელს სრულდება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისა და გერმანიის მხრიდან მისი აღიარების 100 წლისთავი.
საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2017 წელს ორგანიზებას უწევენ და აფინანსებენ საზეიმო ღონისძიებებს ორივე ქვეყანაში.
2017 წლის პირველი ნახევრის მსგავსად, მომდევნო თვეების პროგრამაც მრავალ ღონისძიებას მოიცავს, რომლებიც საქართველოსა და გერმანიის შორის არსებული ურთიერთობების მრავალფეროვნებას გამოხატავს.
მათ შორის იქნება კულტურული ღონისძიებები, როგორიც არის კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, გამოფენები და ლიტერატურული საღამოები, თუ ეკონომიკური ფორუმები და განვითარების თანამშრომლობის, მეცნიერების, განათლების თუ სპორტის დარგის პროექტები.
ოთხშაბათს, 30 აგვისტოს თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნება გამოფენა „საზღვარი“. ხელოვნების ეს რამდენიმე წლიანი პროექტი ეძღვნება შემდეგ კითხვებს: სად მთავრდება ევროპა და სად იწყება აზია? სად მთავრდება აზია და სად იწყება ევროპა? რა გავლენა აქვს საზღვრებს, და ვინ ავლებს მათ? პროექტს ახორციელებს გოეთეს ინსტიტუტი ინკე არნსისა და თიბო როიტერის კურატორობით მრავალ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად აღმოსავლეთ ევროპაში, გერმანიასა და ცენტრალურ აზიაში.
1-დან 7 სექტემბრამდე გაიმართება ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იქნება გერმანული ნაწილი, რომელიც მოიცავს გერმანული ანიმაციური ფილმების ჩვენებას, ცოცხალ მუსიკასა და ვორკშოპს, რომელიც გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით განხორციელდება.
4 სექტემბერს ბაგებში გაიხსნება თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის ახალი შენობა. გერმანულ-ქართული ურთიერთოებების სკოლა მშობლების ინიციატივით დაარსდა და სხვადასხვა კულტურისა და ეროვნებისა მოსწავლეებს საერთო მომავალისთვის ამზადებს.
გაგაცნობთ ასევე საქართველო-გერმანიის წლის პროგრამის ზოგიერთ ღონისძიებას: მუსიკალური ფესტივალი „Camera Obscura“ 19-დან 24 სექტემბრამდე, ბოლნისობა 7 და 8 ოქტომბერს, „საშა ვალცისა და სტუმრების“ ქორეოგრაფიული წარმოდგენა 21 და 22 ოქტომბერს.
