საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინსტრის პოსტზე შს ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის წარდგენისას
მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მერაბიშვილის წარმატებულ გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მერაბიშვილმა შეძლო მთლიანად დისკრედიტირებულ პოლიციაში ახალი სტრუქტურის, ახალი მექანიზმების შექმნა და ახალი კადრების მიყვანა.
„ვანო არის ის კაცი, რომელმაც შესძლო ყველა ჩვენგანთან ერთად კორუფციის და კრიმინალის ბეჭებზე დადება. დარწმუნებული ვარ ის ბეჭებზე დადებს ჩვენს მთავარ მტერსაც - უმუშევრობას“ - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა დევნილებისთვის აშენებულ დასახლებებზე, რომელსაც შს ყოფილი შეფი ხელმძღვანელობდა.
„მან წარმოუდგენლად მოკლე ვადებში შესძლო პრაქტიკულად ახალი ქალაქების აშენება. ის მუშაობდა ეკონომიკურ პროექტებზეც“ - აღნიშნა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა ახალციხის აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტს.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ ივანე მერაბიშვილი მოახერხებს ქართული სოფლის აღორძინებას.
„ქართული სოფელი არის მისი დიდი გატაცება. დღეს ქართულს სოფელს სჭირდება ძალიან დიდი ყურადღება. ეს არის ვანოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წერტილი, იმიტომ რომ მან ეს საკითხი ძალიან კარგად იცის და დარწმუნებული ვარ მას ძალიან კარგად მიხედავს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ამ საკითხებით მერაბიშვილი დაკავებული იყო ჯერ კიდევ წლების წინ, როდესაც თავად პარლამენტარი იყო ხოლო მერაბიშვილი ფერმერთა უფლებების დაცვის საზოგადოებას ხელმძღავნელობდა.
