ნიკა გილაური საქართველოს მთავრობის საპარტნიორო ფონდს უხელმძღვანელებს
ნიკა გილაური საქართველოს მთავრობის საპარტნიორო ფონდს უხელმძღვანელებს
20:44 30.06.2012
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საქართველოს მთავრობის საპარტნიორო ფონდს უხელმძღვანელებს.  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ფონდი, რომელიც კონცენტრირებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, ახალი პროექტების შექმნაზე, როგორც ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ასევე, სოფლის მეურნეობის სფეროში. ერთი სიტყვით, იმის კეთება ვთხოვე და შევთავაზე, რაც მას ყველაზე კარგად ეხერხება“- განმარტა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ნიკა გილაურს ეკონომიკური პროექტების განხორციელება, ახალი იდეების გენერირება, ინვესტიციების მოზიდვა, ამ სფეროებში ახალი ხალხის აღმოჩენა და საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის შემდგომი ხელისშეწყობა დაევალა.
„შესაბამისად, ის ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვან წევრად დარჩება ძალიან ქმედით და ძალიან საპასუხისმგებლო უბანში. მე დარწმუნებული ვარ ის ძალიან ქმედითი ხელმძღვანელი იქნება“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა გილაურს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ის ძალიან ეფექტური პრემიერ-მინისტრი იყო.
„მან მთავრობა პრაქტიკულად უიმედო სიტუაციაში ჩაიბარა და თითქმის შეუძლებელი მოახერხა. მან არა მხოლოდ მსოფლიო ფინანსური კრიზისი და ომის შედეგები გადალახა, არამედ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებული ეკონომიკის ქვეყნად აქცია“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ივანე მერაბიშვილი დანიშნა, რომელიც დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ქვეყნის პირველმა პირმა რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის სასახლეში გააკეთა.

ბეჭდვა