საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ახალ თანამდებობას დიდ პასუხისმგებლობად აფასებს.
როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მისი მთავარი მიზანი ძალიან კონკრეტული იქნება - „მეტი სარგებელი ხალხს“.
მერაბიშვილის თქმით, დადგა დრო, რომ ყველა მოდერნიზაციის, ყველა მიღწევის შედეგები უშუალოდ თითოეულმა ქართველმა იგრძნოს.
შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა თავის გამოსვლაში მადლობა შსს-ს ყველა თანამშრომელს გადაუხადა.
„ისინი ყოველდღიურად იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველოში არ იყოს კორუფცია, საქართველოში არ იყოს ყაჩაღობა და განუკითხაობა. საქართველოში არ იყოს კანონიერი ქურდები. ყველა ქართველმა თვისუფლად შეძლოს თავისი შვილის ქუჩაში გაშვება, რომ ჩვენი ქუჩები მშვიდი და უსაფრთხო იყოს“ - განმარტა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, ისევე როგორც პოლიციის რეფორმა და მისი შედეგები იგრძნო თითოეულმა ქართველმა საკუთარის ცხოვრების განმავლობაში, ასევე უნდა იგრძნოს ყველა ეკონომიკური მიღწევები, რომელიც საქართველომ წლების განმავლობაში მიაღწია.
„ვაპირებ ორშაბათსვე წარმოვადგინო გეგმა. ამ გეგმაში ზუსტად, თანმიმდევრულად იქნება გაწერილი თუ რას ვაკეთებდით დღემდე, რას გავაკეთებთ ხვალ, მომავალ წელს და წლების მიხედვით, რომლის მთვარი ლაიტმოტივი, მთავარი სამი პრონციპი დასაქმება, სოფლის განვითარება და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა იქნება“ - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში მთავარი გამოწვევა კვლავ უმუშევრობა რჩება.
როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოში კვლავ რჩება ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ აქვს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საშუალება, ასევე განვითრება სჭირდება ქართულ სოფელს.
„ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ ადამიანებს დასაქმების დამატებითი შესაძლებლობა მიეცეს. ვიცი, რომ საქართველოს ბევრ მოქალაქეს ჯერ კიდევ არ აქვს საშუალება იმკურნალოს, ამიტომ, ჩემი და მთელი გუნდის მთავარი მიზანი იქნება, რომ შევქმნათ გეგმა, რომლის მიზანიც საყოველთაო დაზღვევა იქნება“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
„ჩვენ გუნდთან ერთად გავაძლიერებთ ქართულ სოფელს, გავაძლიერებთ ქართველ გლეხს. ძლიერი ქართველი გლეხი იყო, არის და მომავალშიც იქნება ძლიერი საქართველოს საწინდარი“ - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, ყოველი წუთი ამ სამი პრინციპის შესასრულებლად იქნება მიმართული.
ახალმა პრემიერ-მინისტრმა თავის წინამორბედ ნიკა გილაურს მადლობა გადაუხადა და მასთან შემდგომი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
