საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს აგრესიული ნაბიჯების შეწყვეტისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემისკენ მოუწოდებს
  საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს აგრესიული ნაბიჯების შეწყვეტისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემისკენ მოუწოდებს
15:21 11.08.2017

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების პროცესი

რუსეთის გამიზნული პოლიტიკის ნაწილია, მეტ იზოლაციაში მოაქციოს აფხაზეთის მოსახლეობა.


ამასთან დაკავშირებით უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც რუსი ოკუპანტების მიერ სამეგრელოში საოკუპაციო ზოლის გადმოწევასთან დაკავშირებითაა საუბარი.

საკუთარ განცხადებაში უწყება რუსეთის ფედერაციას საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ნაბიჯების შეწყვეტისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემისკენ მოუწოდებს.


„საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ზუგდიდის რაიონის სოფლების - ხურჩისა დაშამგონას მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების ფაქტს.

მიმდინარე წლის აპრილში საოკუპაციო ძალებმა აღნიშნულ პერიმეტრზე ჩაატარეს მოსამზადებელი სამუშაოები და დაამონტაჟეს ხის ბოძები, რის შესახებაც საქართველოსპარტნიორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ოპერატიულად იქნენ ინფორმირებული. 9-11 აგვისტოს ზემოხსენებული სეგმენტის 800-900 მეტრიან მონაკვეთზე გავლებულ იქნა მავთულხლართები.

აფხაზეთის რეგიონში ოთხი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დახურვის შემდეგ, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების პროცესი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის გამიზნული პოლიტიკის ნაწილს, მეტ იზოლაციაში მოაქციოს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა და ნებისმიერი ხერხით შეუშალოს ხელი სამშვიდობო პროცესებს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების ეს ქმედება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, ზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებასა დაგანათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უფლებას, რაც კიდევ უფრო გაართულებს აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ისედაც მძიმემდგომარეობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ნაბიჯები, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნაკისრ ვალდებულებს, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და გადადგას ნაბიჯები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და მოახდინოს შესაბამის რეაგირება რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგ ქმედებებზე, რომელიც მიმართულია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ და აზიანებს როგორც უსაფრთხოების გარემოს, ასევე,საერთაშორისო წესრიგს“- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


 

ბეჭდვა