ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება
ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება
11:04 30.06.2012
ბათუმში დღეს ოპოზიციური პოლიტიკური ძალების „ქართული დასის“, „სახალხო კრებისა“ და „თავისუფალი საქართველოს“ მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა გაიმართება.

როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული დასის“ ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ განუცხადა, შეკრების მთავარი მიზანი აჭარის ხელახალი დაკარგვისაგან გადარჩენაა.

„ჩვენი ამოცანაა თანადგომა გამოვხატოთ და აჭარის პრობლემებისადმი ყურადღების კონცენტრირება მოვახდინოთ“ - განაცხადა ბაღათურიამ.

მისი თქმით, რეგიონში მოქმედებენ ანტიქართული ძალები, რომლებიც აცხადებენ, რომ აჭარა თურქეთის ნაწილია. ამასთანავე მწვავედ დგას ტრეფიკინგის პრობლემა და ქართველი გლეხებისათვის „მიწების ჩემორთმევისა და არაბი შეიხებისათვის და თურქებისათის გაცემის საკითხი“.

ბაღათურია მიიჩნევს, რომ ამ პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია.

აქციის მონაწილეები 19:00 საათზე იუნკერების საფლავთან შეიკრიბებიან და მსვლელობას ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მიმართულებით გამართავენ.

ბეჭდვა