„ქართული ოცნების“ მცხეთა-მთიანეთის აქციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა.
მისი თქმით, კოალიციის წევრები მხარდამჭერებთან შეხვედრებს მცხეთა-მთიანეთის ოთხივე რაიონში მართავენ.
„განწყობა კვლავაც ამაღლებულია და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ასეთ მხარდაჭერას ვხედავთ თანამოქალაქეების მხრიდან. ჩვენი საარჩევნო კამპანია დადებით რეჟიმში გაგრძელდება და იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა ნასიამოვნები იქნება ამ ღონისძიებით“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, მცხეთა-მთიანეთის აქციაზე კოალიციის საარჩევნო პროგრამიდან გარკვეული სიახლეები გამოცხადდება და მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატიც დასახელდება.
„ვფიქრობ, რომ ინტერესი ძალინ მაღალია. აქციაზე ბევრ მხარდამჭერს ველოდებით, თუმცა, აქ რიცხვებზე საუბარი ზედმეტია. მნიშვნელოვანია ის, რაც ცხადყო სამმა ღონისძიებამ, რომ ჩვენს შეკრებებზე ხალხი მოდის იმედით, მომავლის რწმენით და იმ მხარდაჭერის გამოსახატად, რომელიც კოალიცია „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებამდე მიიყვანს“- აღნიშნა ჩიქოვანმა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია მცხეთის თეატრონის ტერიტორიაზე, 19:00 საათზე გაიმართება.
