მაუწყებლის სავალდებულო ტრანზიტთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი საქართველოს
პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა.
როგორც კენჭისყრამდე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განმარტა, აღნიშნული ვალდებულების წინასაარჩევნო პერიოდზე გავრცელება არ ნიშნავს, იმას, რომ არჩევნების შემდგომ საკაბელოებსა და მაუწყებლებს შორის თანამშრომლობა არ შეიძლება გაგრძელდეს.
„სახელმწიფო მხარს დაუჭერს და წაახალისებს საკაბელო მაუწყებლებსა და სატელევიზიო არხებს შორის შეთანხმების მიღწევას, თუ იგი ძალაში იქნება არჩევნების შემდეგაც, ანუ ჩვენს მიერ დაკისრებული ვალდებულების დასრულების შემდეგ“ - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, არჩევნების დღეს სრულდება ამ კანონით დაკისრებული ვალდებულება, თუმცა, ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ავტომატურად სწორედ ამ დღეს შეწყდება ტრანზიტი და საკაბელოებსა და მაუწყებლებს შორის ურთიერთობა დასრულდება.
როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების წინა დღემდე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი.
აგრეთვე, ამ პაკეტში შედის საერთო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისთვის არის ხელმისაწვდომი. ამ კატეგორიაში ხვდება ტელეკომპანია „კავკასია“.
საკაბელოები ვალდებულნი არიან მომხმარებლისთვის სამაუწყებლო არხების თანაბარი და არადისკრიმინაციული ფინანსური პირობებით მიწოდება უზრუნველყონ.
საკაბელოებმა აღნიშნული ვალდებულებები არჩევნების დანიშვნის მომენტიდან ერთი დღის ვადაში უნდა შეასრულონ.
ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში ტრანზიტზე ავტორიზებული პირი მიიღებს გაფრთხილებას, ხოლო გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა ან განმეორებითი დარღვევა გამოიწვევს ერთი წლით ავტორიზაციის ჩამორთმევას.
არჩევნების მეორე ტურის ან შუალედური არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, აღნიშნული მოვალეობები კენჭისყრის დღემდე გავრცელდება შესაბამის ტერიტორიაზე მოქმედ მაუწყებლებსა და საკაბელოებზე.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კანონპროექტის მიღებიდან ორი კვირის ვადაში ვალდებულია მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია მათ მიმართ წარმოშობილი ვალდებულებების შესახებ.
