საქართველოს ხვალ ორდღიანი ვიზიტით შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ეწვევა.
მაიკ პენსის თბილისში ვიზიტს საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და ეს ფაქტი აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერის გამოხატულებად შეაფასა.
„ვფიქრობთ, აშშ-თან ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების დინამიკა ძალიან მაღალია. ასევე, ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების ფორმატი, რომელშიც არჩეულია ოთხი ძირითადი მიმართულება - უსაფრთხოება; კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობა; დემოკრატიის განვითარება; ეკონომიკა, ენერგეტიკა და ვაჭრობა, საკმაოდ დინამიურად ვითარდება და ვფიქრობთ, მაიკ პენსის ვიზიტი იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული ამ ორმხრივი ურთიერთობების ბიძგის მისაცემად. ვიზიტის დროს იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა და კიდევ ერთხელ მინდა, გამოვთქვა ძალიან დიდი კმაყოფილება, რომ ეს ვიზიტი შედგება სულ რამდენიმე დღეში საქართველოში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
