პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ადვოკატ არჩილ კბილაშვილის განცხადებით, მოქალაქეების მოსყიდვა-გადაბირების ფაქტები არ შეიძლება კოალიციის კონტექსტში იქნეს
განხილული, რადგან „ქართული ოცნებისთვის“ ამის ობიექტური საჭიროება არ არსებობს.
ამის შესახებ კბილაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
„გადმობირება იმ ძალას ჭირდება, რომელსაც მხარდამჭერები აკლია და რომლის პოპულარობა კლებადია. კოალიციის შემთხვევაში კი, ჩვენ უკვე ჩამოყალიბებულ სახალხო მოძრაობას ვხედავთ. შესაბამისად, მოსყიდვის წინაპირობა არ არსებობას“-აღნიშნა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, კოალიცია მიზანად არავის მოსყიდვას არ ისახავს და არც მსგავს ფაქტებს ჰქონია ადგილი.
„შეიძლება სახეზე იყოს ცალკეული პროვოცირებული ფაქტები, მაგრამ ეს, რასაკვირველია, კოალიციასთან კავშირში არ არის“-აღნიშნა მან.
რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების" აფხაზეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი პერტენავა და პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" აფხაზეთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ფიფია დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, პერტენავა და ფიფია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს I განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომლის კახა ბაღათურიას „გადაბირებას" ცდილობდნენ. დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა უკვე შეაუფარდეს.
