პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე მოუწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეცდომაში ნუ შეიყვანენ საზოგადოებას Mast carry–ს პრინციპის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე შეწყვეტის
გამო და ყურადღება კანონპროექტის პოზიტიურ მხარეებზე გაამახვილონ.
„ჩვენ Must carry-ს პრინციპის საკითხში აშშ–სთან შედარებით უფრო შორს წავედით და უფრო დემოკრატიულ სისტემას ვიღებთ“ – განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ წვრილმანებზე დავას არ უნდა გადაყვეს კანონპროექტის პოზიტიური მხარეები.
მისი თქმით, არ შეიძლება იმის თქმა, თითქოს არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოსახლეობას ინფორმაციის წყარო გაეთიშება და ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოჩნდება.
როგორც ბაქრაძემ განაცხადა, მოსახლეობას ექნება ისეთივე შესაძლებლობები, როგორიც დღეს აქვს.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდის მნიშვნელობის გამო, ხელისუფლება დამატებით ვალდებულებას აკისრებს საკაბელო კომპანიებს, რაც მათ კომერციულ და ბიზნეს ინეტერესებში არ შედის. აქედან გამომდინარე, როგორც ბაქრაძემ განაცხადა, ამ ვალდებულების გახანგრძლივება არჩევნების შემდეგ პერიოდში „ნიშნავს, რომ სახელმწიფო მუდმივად ერევა ბიზნესის საქმიანობაში“.
პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით მიიღო მაუწყებლის სავალდებულო ტარნზიტის შესახებ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები. დღესვე, კანონპროექტი მესამე მოსმენით დამტკიცდება.
