ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) პოლიტიკურ პარტიებს ურჩევს ფინანსების უკანონო ხერხებით მოპოვებისა და ხარჯვისგან თავის შეიკავონ.
ამის შესახებ ნათქვამია NDI-ს წინასაარჩევნო დელეგაციის მიერ მომზადებული ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილში.
„პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ ფინანსების უკანონო ხერხებით მოპოვებისა და დახარჯვისგან. ასევე, პოტენციურ ამომრჩეველზე არასათანადო გავლენის მოსახდენად ფულის, საქონლისა და მომსახურების გამოყენებისგან“ - ნათქვამია ანგარიშში.
ასევე, NDI-ს პოლიტიკურ პარტიებს ურჩევს აქტივისტებს გააცნონ ის რეგულაციები, რომელიც ზემოაღნიშნულ ქმედებებს კრძალავს.
„პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა უნდა დაგმონ საკუთარი მომხრეების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები და ინციდენტების გამოძიების მიზნით თანამშრომლობისკენ მოუწოდონ მათ. საარჩევნო კამპანიის დროს დაპირებებისას, პოლიტიკურმა ლიდერებმა და კანდიდატებმა ამომრჩეველს მკაფიოდ უნდა განუმარტონ ამ დაპირებების შესრულების ფინანსური წყაროები“ - ნათქვამია ანგარიშში.
ასევე, NDI-ს მიაჩნია, რომ პარტიებმა საარჩევნო კამპანიის ყველა მონაწილისთვის უნდა შეიმუშაონ, გამოაქვეყნონ და დაიცვან პარტიის ქცევის კოდექსი. კერძოდ, კი კამპანიის ყველა მონაწილემ პასუხი უნდა აგოს საკუთარ ქმედებებზე.
