პრემიერი პეტრო პოროშენკოს შეხვდა
 პრემიერი პეტრო პოროშენკოს შეხვდა
14:54 18.07.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბება, ორი ქვეყნის საერთო ინტერესები და გამოწვევები იყო.

მხარეებმა სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რაც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას გულისხმობს.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობას, საქართველოსა და უკრაინის ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს, ასევე - ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრეს მასშტაბური საერთაშორისო სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების, ასევე - ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ.
შეხვედრისას მხარეებმა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.


ბეჭდვა