საქართველოს პარლამენტი დღეს მეორე და მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით დაამტკიცებს მაუწყებლის სავალდებულო ტრანზიტთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში
შესატანი ცვლილებების კანონპროექტს.
კანონპროექტის ავტორები არიან უმრავლესობის წევრები პავლე კუბლაშვილი, ნუგზარ წიკლაური და კახა ანჯაფარიძე.
გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ერთის გარდა, Must-carry-ს ყველა ძირითადი საკითხი შეთანხმდა. კერძოდ, პარლამენტის მმართველ გუნდს, ოპოზიციასა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს განსხვავებული პოზიციები აქვთ ტრანზიტის ვადების არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე გაგრძელებასთან დაკავშირებით.
როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების წინა დღემდე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი.
აგრეთვე, ამ პაკეტში შედის საერთო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისთვის არის ხელმისაწვდომი. ამ კატეგორიაში ხვდება ტელეკომპანია „კავკასია“.
საკაბელოები ვალდებულნი არიან მომხმარებლისთვის სამაუწყებლო არხების თანაბარი და არადისკრიმინაციული ფინანსური პირობებით მიწოდება უზრუნველყონ.
საკაბელოებმა აღნიშნული ვალდებულებები არჩევნების დანიშვნის მომენტიდან ერთი დღის ვადაში უნდა შეასრულონ.
ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში ტრანზიტზე ავტორიზებული პირი მიიღებს გაფრთხილებას, ხოლო გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა ან განმეორებითი დარღვევა გამოიწვევს ერთი წლით ავტორიზაციის ჩამორთმევას.
არჩევნების მეორე ტურის ან შუალედური არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, აღნიშნული მოვალეობები კენჭისყრის დღემდე გავრცელდება შესაბამის ტერიტორიაზე მოქმედ მაუწყებლებსა და საკაბელოებზე.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კანონპროექტის მიღებიდან ორი კვირის ვადაში ვალდებულია მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია მათ მიმართ წარმოშობილი ვალდებულებების შესახებ.
