მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ევროპის ენერგოუსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი რგოლია
  მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ევროპის ენერგოუსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი რგოლია
14:56 13.07.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია, რომლისთვისაც ევროკავშირს გასაოცარი მიზიდულობის ძალა გააჩნია.

მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირთან დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადმიანის უფლებათა ღირებულებებთან ერთად, საერთო გამოწვევები და რისკებიც აერთიანებს, რომლებიც უპირველესად უსაფრთხოებას უკავშირდება.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველო არა მხოლოდ მიესალმება ევროკავშირის უსაფრთხოების განმტკიცების სტრატეგიას, არამედ მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს ამ მიმართულებით. კერძოდ, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს როგორც ევროკავშირთან, ისე ნატოსთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით.

ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველოს ევროპულ გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ გამოსვლისას განაცხადა.


„მინდა სიამაყით აღვნიშნო საქართველოს ღირსეული გამოცდილება, რომელიც მან, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების პროვაიდერმა, ავღანეთში ნატოს სამშვიდობო ოპერაციებსა და აფრიკის ქვეყნებში ევროკავშირის მისიებში ჩართულობით დააგროვა“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

თავის გამოსვლაში, ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობასა და სატრანზიტო პოტენციალზე გაამახვილა. მინისტრის თქმით, საქართველო მნიშვნელოვან სტრატეგიულ როლს ასრულებს, რადგან სწორედ საქართველოს გავლით უნდა მოხდეს ბუნებრივი რესურსების ევროპაში ტრანსპორტირება. როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, საქართველო უკვე წლებია აქტიურადაა ჩართული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის , სამხრეთ-კავკასიური გაზსადენისა და ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენის საერთაშორისო პროექტებში, რომელთა მეშვეობითაც კასპიის ზღვიდან ევროპულ ბაზარზე ნახშირწყალბადის რესურსების მიწოდება შეუფერხებლად ხორციელდება.

მინისტრმა სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მოთამაშე საქართველოა. ეს პროექტი, რომელშიც საქართველო ტრანზიტული ქვეყნის როლს ასრულებს, ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ემსახურება და აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის ევროპის ბაზარზე მიწოდებას ითვალისწინებს. კერძოდ, ბუნებრივი აირი, ტრანს–ანატოლიის გაზსადენის გავლით, ტრანს–ადრიატიკულ გაზსადენს შეუერთდება, ეს უკანასკნელი კი საბერძნეთსა და იტალიაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას მოახდენს.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, აღნიშნულ პროექტებში მონაწილეობით, საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის „საიმედო პარტნიორი და ევროპის ენერგოუსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი რგოლია“.

ბათუმი 13-14 ივლისს რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპულ გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ მასპინძლობს. კონფერენცია ფოკუსირებულია ევროპული დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ასევე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე და საქართველოს როლის მნიშვნელობაზე რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.



ბეჭდვა