საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის
უზრუნველყოფის" ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბათუმში შვედეთის სამეფოს, ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის რესპუბლიკების „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.
საგარაო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. ელჩები მიესალმნენ საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს და გატარებულ კომპლექსურ რეფორმებს, განსაკუთრებით სავიზო ლიბერაზალიციის კუთხით, რის შედეგადაც საქართველომ დამსახურებულად მიიღო უვიზო რეჟიმი. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას, რომლის მიზანი მოსახლეობისათვის ხელშესახები სარგებლის მოტანაა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ა.წ. 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოლოდინებზე. ხაზი გაესვა, რომ სამიტმა ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირსა და აღმოსვლეთ ევროპულ პარტნიორ ქვეყნებს შორის შედეგებზე ორიენტირებულ თანამშრომლობას და დასახოს ურთიერთობების გაღრმავების შემდგომი პერსპექტივები.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საკითხს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ევროკავშირის განსაკუთრებულ როლს და მისი მხრიდან მეტი ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყანაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის კუთხით.
