საქართველოს ახლადდანიშნული ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის
განცხადებით, გადაწყვეტილებები, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები იღებენ, იმის ნათელი მაგალითია, რომ რუსეთი საერთაშორისო წნეხის ქვეშაა.
მისივე თქმით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს შედეგები იმას მოწმობს, რომ ჩვენს ქვეყანას ასეთი წარმატებული საგარეო პოლიტიკა არასდროს ჰქონია.
ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
„რუსეთის ფედერაცია ამხელა საერთაშორისო წნეხის ქვეშ არასდროს ყოფილა, საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე აგრესიისთვის, ვიდრე არის ის დღეს. ამის ნათელი მაგალითია ის უპრეცენტო გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებული იქნა გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს ფარგლებში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არასდროს საქართველოს საგარეო პოლიტიკა არ ყოფილა ისეთი წარმატებული, როგორც არის დღეს, ისევ ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. ამას მოწმობს ის შედეგები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“- განაცხადა ჯანელიძემ.
