პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ საარჩევნო სუბიექტად დასარეგისტრირებლად მუშაობას იწყებს.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის გენერალურმა მდივანმა ვახტანგ ყოლბაიამ განუცხადა, შესაბამისი განცხადებით მათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს უკვე მიმართეს.
„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ არასდროს უარყოფდა არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილს, თუმცა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საარჩევნო გარემო არ იძლევა საშუალებას, არჩევნები გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდეს. ამიტომ, ყოველთვის ვიბრძოდით უკეთესი საარჩევნო გარემოს შექმნისთვის, მაგრამ ახლა გადაწყვეტილებაა მისაღები, რათა პარტია საარჩევნო სუბიექტად დაფიქსირდეს“- განაცხადა ყოლბაიამ და აღნიშნა, რომ პარტიამ ცესკო-ს განცხადებით კანონის მოთხოვნის შესაბამისად მიმართა.
მისივე თქმით, საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირების ვადა კანონით 15 აგვისტომდეა გათვალისწინებული, თუმცა, არაკვალიფიციური პარტიის შემთხვევაში, ამისთვის 25 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერის წარდგენაა აუცილებელი. შესაბამისად, პარტია ხელმოწერების შეგროვებაზე მუშაობასაც იწყებს.
„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილოებას ცალკე პოლიტიკურ სუბიექტად მიიღებს თუ რაიმე სახის კოალიციაში გაერთიანდება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. როგორც ყოლბაიამ აღნიშნა, პარტია ამ საკითხზე კონსულტაციებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის, „თავისუფალ საქართველოსთან“, „ქართულ დასთან“, „თეთრებთან“ და სხვებთან აწარმოებს.
