იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტზე დღეს მაუწყებლის სავალდებულო ტრანზიტთან დაკავშირებით ყველა ძირითადი საკითხი შეთანხმდა.
კონსულტაციების შედეგად განახლებული სახით ჩამოყალიბებულ კანონპროექტს ხვალ, პლენარულ სხდომაზე, მეორე და მესამე მოსმენაზე განიხილავენ.
ერთადერთი საკითხი, რომელიც პარლამენტის მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და მედია საშუალებების შეუთანხმებლობის საგანს წარმოადგენს, ტრანზიტის ვადების არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე გაგრძელებაა. სხდომაზე კიდევ ერთხელ დაისვა ამ ვადების არჩევნებიდან 21 დღით გაგრძელების საკითხი, თუმცა, კანონპროექტის ავტორები წინადადებას არ თანხმდებიან.
კანონპროექტში მითითებულია, რომ არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი.
აგრეთვე ამ პაკეტში შედის საერთო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის არის ხელმისაწვდომი. ამ კატეგორიაში ხვდება ტელეკომპანია „კავკასია“.
როგორც კანონპროექტშია ნათქვამი, საკაბელოები ვალდებული არიან მომხმარებლისთვის უზრუნველყონ სამაუწყებლო არხების თანაბარი და არადისკრიმინაციული ფინანსური პირობებით მიწოდება.
საკაბელოებმა აღნიშნული ვალდებულებები არჩევნების დანიშვნის მომენტიდან ერთი დღის ვადაში უნდა შეასრულონ.
ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ტრანზიტზე ავტორიზებული პირი გაფრთხილებას მიიღებს.
„გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა ან განმეორებით დარღვევა გამოიწვევს ავტორიზებული პირისათვის ავტორიზაციის ჩამორთმევას ერთი წლის ვადით“ – აღნიშნულია კანონპროექტში.
არჩევნების მეორე ტურის ან შუალედური არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, აღნიშნული მოვალეობები კენჭისყრის დღემდე გავრცელდება შესაბამის ტერიტორიაზე მოქმედ მაუწყებლებსა და საკაბელოებზე.
კანონპროექტის მიღებიდან ორი კვირის ვადაში, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ვალდებულია მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია მათ მიმართ წარმოშობილი ვალდებულებების შესახებ და გამოაქვეყნოს განსაზღვრულ სუბიქტთა ნუსხა.
კანონპროექტს დაჩქარებული წესით ხვალ, საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომაზე მიიღებენ.
