საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას განცხადებით, "ლაზიკა" არის მძიმეჯავშნიანი, საკმაოდ მობილური და ძლიერი შემტევი იარაღი, რომლის წარმოება პრინციპში ბევრ სახელმწიფოს არ გააჩნია."
დღეს ახალაია მიხეილ საკაშვილთან ერთად ვაზიანის სამხედრო ბაზაზე "ლაზიკას" პრეზენტაციას დაესწრო. თავდაცვის მინისტრის განცხადებთ, "ლაზიკა" "დიდგორის" მერე მეორე ქართული საბრძოლო მანქანაა. "შინაარსობრივად და თვისობრივად ეს არის სულ სხვა დანიშნულების და სულ სხვა დატვირთვის მანქანა" - აღნიშნა მინისტრმა.
ოფიციალური მონაცემებით, "ლაზიკა" არის მუხლუხებიანი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რომლის ჯავშანიც კომბინირებულია და უზრუნველყოფს დაცვას 14,5 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან. "ლაზიკას" აქვს შეიარაღების დისტანციურად მართვის მოდული, აღჭურვილია ცეცხლის მართვის სისტემით, რომელზეც დამონტაჟებულია 23 მმ კალიბრის ქვემეხი და 7, 62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევი. მანქანას აქვს სადღეღამისო და თერმული ხედვის კამერები, უზრუნველყოფს მანქანის შიგნიდან დისტანციურად სამიზნის აღმოჩენას, იდენტიფიკაციასა და ცეცხლის მართვას ნებისმიერ პირობებში. ეკიპაჟი 3 კაცისგან შედგება, შეუძლია 7 კაციანი დესანტის გადაყვანა.
"ლაზიკა" მეორე ქართული ჯავშანმანქანაა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში მყოფ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტას" ბაზაზე შეიქმნა. პირველი ქართული ჯავშანმანქანა "დიდგორი" საზოგადოებას 26 მაისის აღლუმზე წარუდგინეს.
ახალი ჯავშანმანქანით პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სამხედროებთან ერთად, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე რამდენიმე კილომეტრი გაიარეს.
