საია და „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ ივანიშვილის საქმეებზე გამართულ სასამართლო პროცესებზე დაფიქსირებულ დარღვევებს აქვეყნებენ
საია და „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ ივანიშვილის საქმეებზე გამართულ სასამართლო პროცესებზე დაფიქსირებულ დარღვევებს აქვეყნებენ
17:53 28.06.2012
არასამთავრობო ორგანიზაციები „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესებზე დაფიქსირებულ დარღვევებს აქვეყნებენ.
არასამთავრობოები აცხადებენ, რომ საქალაქო სასამართლომ ივანიშვილის დაჯარიმების გადაწყვეტილება 148 650 131 ლარით ორი სხდომის შემდეგ მიიღო და იგი არ ეფუძნებოდა საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
„სასამართლო პროცესების მიმდინარეობით, არსებული მტკიცებულებებისა და კონტროლის პალატის მიერ წარმოდგენილი მასალების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმება არ იყო კანონის შესაბამისი”- აცხადებენ არასამთავრობოები.

განცხადების თანახმად, დაცვის მხარეს საქმის გასაცნობად და დაცვითი სიტყვის მოსამზადებლად სულ 3 სამუშაო საათი და ღამის საათები ჰქონდა, რა დროსაც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო საკმაოდ მოცულობითი საქმის დეტალური გაცნობა, მტკიცებულებების მოგროვება, შესაბამისი შუამდგომლობების დაყენება და კონტროლის პალატის ბრალდებების საპირწონე მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა.

მათივე განმარტებით, მიუხედავად ადვოკატების შუამდგომლობებისა, გადადებულიყო საქმის განხილვა და დაცვის მხარეს მისცემოდა ვადა საქმის გასაცნობად, ორივე საქმეზე მოსამართლეებმა საქმის განხილვის გადადების შუამდგომლობები არ დააკმაყოფილეს იმ მოტივით, რომ
მხარეებს საკმარისი დრო ჰქონდათ გაცნობოდნენ საქმის მასალებს.

არასამთავრობოების ცნობით, გარკვეულ საკითხებზე კონტროლის პალატის პოზიცია არ იყო გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით, რადგან კონტროლის პალატა სადავო კომპანიების ივანიშვილისადმი კუთვნილებას კომპანიათა გარკვეული თანამშრომლების ახსნა-განმარტებების საფუძველზე ასაბუთებდა.

„სასამართლოზე რამდენჯერმე ახსენეს მსგავსი ფრაზები, „ისედაც ყველასათვის ცნობილია, რომ „ქართუ ჯგუფი” ივანიშვილისაა”, პალატის წარმომადგენელმა ორივე პროცესზე აღნიშნა, რომ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული „ბურჯის”, „ელიტა ბურჯის” და „მენეჯმენტ სერვისის” რეალური მფლობელი დაფარულია, მათი წარმომადგენელი - კახა კობიაშვილი კი - საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ნათესავია, თუმცა, ერთ პროცესზე ითქვა, რომ აღნიშნული პირი ივანიშვილის დისშვილია, მეორეზე კი - დეიდაშვილი. ამასთანავე, არცერთ პროცესზე არ ყოფილა წარმოდგენილი ნათესაური კავშირის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება“- აცხადებენ არასამთავრობოები და აღნიშნავენ, რომ კონტროლის პალატამ უფრო მეტად უნდა გამოიყენოს სამართლებრივი არგუმენტაცია საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად და ნაკლებად უნდა დაეყრდნოს დაუდასტურებელ მოსაზრებებს და ვარაუდებს.

მათივე განმარტებით, სხდომებზე დაცვის მხარის არც ერთი მნიშვნელოვანი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ამასთანავე, სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი გამოვლინდა - სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას უგულებელყოფილი იქნა პროცედურული საკითხები, სასამართლოს სხდომების განრიგი საჯარო არ იყო, ამასთანავე, განსაკუთრებულად გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები, შეიზღუდა მობილური ტელეფონების, ჩამწერებისა და სხვა ელექტრომოწყობილობების შეტანა.

„მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო განხილვების მიმართ დიდი იყო სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დაინტერესება, სასამართლომ აღნიშნული სხდომებზე კონტროლი გაამკაცრა. სხდომების დაწყებამდე ხდებოდა სართულზე ამოსული ყველა პირის გაჩხრეკა მეტალოდეტექტორებით, ხელით იჩხრიკებოდა ჩანთები, სასამართლო დარბაზებთან კი, წესრიგს პირადად უზრუნველყოფდა საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი შალვა ჯულუხაძე. ასეთმა გამკაცრებულმა კონტროლმა დაინტერესებულ პირებს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა შეუზღუდა და უგულებელყოფილ იქნა საზოგადოების საქმისადმი ინტერესი“- აცხადებენ არასამთავრობოები და აღნიშნავენ, რომ საზოგადოების დიდი ინტერესის მიუხედავად, სასამართლოს სხდომები მცირე დარბაზში მიმდინარეობდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების კობა გოცირიძისა და ნანა დარასელიას მიერ ბიძინა ივანიშვილი ჯამში 148 მილიონ 650 ათას 131 ლარით 11 ივნისს დაჯარიმდა. სასამართლომ ჩათვალა, რომ ივანიშვილმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლოდ უკანონო შემოწირულება განახორციელა.

კონტროლის პალატის მტკიცებით, ერთ შემთხვევაში, ივანიშვილმა თავის ძმას - ალექსანდრე ივანიშვილს გადასცა თანხა, რაც გამოყენებულ იქნა „გლობალ ტვ”–ს მიერ მოსახლეობისათვის სატელიტური ანტენების დასამონტაჟებლად. პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გამოთვლით, ანტენების საბაზრო ღირებულება 12 მილიონ 622 ათას 19 ლარს შეადგენდა. მეორე შემთხვევაში კი, კომპანიებმა შპს „ელიტა ბურჯმა” და „ბურჯმა” პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველო” სიმბოლურ ფასად მიაქირავეს 239 ავტომობილი, მაშინ როდესაც მომსახურების საბაზრო ღირებულება 2 მილიონ 242 ათასი ლარი იყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული კომპანიების უკან ბიძინა ივანიშვილი იდგა.

სააპელაციო სასამართლომ ივანიშვილს დაკისრებული ჯარიმა გაუნახევრა. სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამრთლოს მიერ დადგენილი ყველა გარემოება, გარდა იმ საკითხისა, რომ ივანიშვილის მიერ სამართალდარღვევა ჩადენილი იყო განმეორებით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ივანიშვილისათვის დაკისრებული ჯარიმა განახევრდა და 74 325 065 ლარით განისაზღვრა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აცხადებენ, რომ მსგავსი საქმეების მონიტორინგს კვლავაც გააგრძელებენ.

ბეჭდვა