საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მოლდოვას რესპუბლიკას ოფიციალური
ვიზიტით ეწვევა, სადაც მოლდოვას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, ასევე კიშინეუში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეცხრე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას .
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრას გამართავს მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრთან ანდრეი გალბურთან.
სააგრეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერება საქართველოსა და მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით გამოცემულ საფოსტო მარკებს, რის შემდგომ მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან პაველ ფილიპთან და პარლამენტის პრეზიდენტთან ანდრიან კანდუსთან.
უწყების ცნობითვე, კიშინეუში მიმდინარე წლის 10 ივლისს დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი. ევროკავშირის მხარიდან -ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანი; ესტონეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კადრი სიმსონი; საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ჟან-კრისტოფ ბელიარდი. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დანარჩენი ხუთი ქვეყნისშესაბამისი უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები.
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ყურადღება გამახილდება 2017 წლის 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოსამზადებელ პროცესზე.
