საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის
იუბილისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოში იაპონიის ელჩმა ტოშიო კაიტანიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ურთიერთობებზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა ორ ქვეყანას აერთიანებს ისეთი ფუნდამენტური ღირებულებები როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და ლიბერალური ეკონომიკა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ამ კუთხით ხაზი გაუსვა ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობას.
მიხეილ ჯანელიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ხალხთაშორის ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ 2017 წლის 5 ივნისს ძალაში შესული გამარტივებული სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ხალხთაშორის კონტაქტებს.
იაპონიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება აგრეთვე ეძღვნებოდა იაპონიის ელჩის ტოშიო კაიტანის საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის დასრულებას. მიხეილ ჯანელიძემ ელჩს გულითადი მადლობა გადაუხადა საქართველო-იაპონიის მეგობრობის განმტკიცებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სწორედ ტოშიო კაიტანის მოღვაწეობის პერიოდში, იაპონიის კანონმდებლობაში განხორციელდა ცვლილება და იაპონურ ენაში საქართველოს ოფიციალური დასახელება „გრუზია“ „ჯორჯიათი“ შეიცვალა.
მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ტოშიო კაიტანის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას საქართველოს კულტურის, ქართული ენისა და ფოლკლორის მიმართ და მას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის დიდი პატივისცემისათვის.
ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
