არასამთავრობო ორგანიზაცია „საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია“ უახლოეს მომავალში ორ პროექტს წარადგენს.
როგორც დღეს ასოციაციის წევრმა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა თანამშრომელმა ია კუტალაძემ ასოციაციის პრეზენტაციაზე აღნიშნა, პირველი პროექტი იმ კვლევის შედეგების სისტემური ანალიზი იქნება, რომელშიც საქართველომ მიიღო მონაწილეობა. ეს არის „წიგნიერების საერთაშორისო კვლევა“, რომელიც 9-10 წლის მოზარდების მიერ წაკითხულის გააზრების უნარს ამოწმებს და იმ ფაქტორებს იკვლევს, რომლებიც მოსწავლეთა წიგნიერებაზე ახდენს გავლენას.
„მეორე მნიშვნელოვანი კვლევა „მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევაა“. ამ კვლევაში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მივიღეთ. სამიზნე კატეგორია 9-10 წლის მოზარდები და 13-14 წლის მოსწავლეები არიან. ამ კვლევით, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა ცოდნა ფასდება“ - გამარტა ია კუტალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული კვლევები ფართომასშტაბიანია, რომელშიც მთელი მსოფლიოდან დაახლოებით 80 ქვეყანა მონაწილეობს. კვლევებს მონაწილე ქვეყნები განათლების პოლიტიკის გასაგებად იყენებს.
„ის მონაცემები, რაც ახლა ხელთ გვაქვს, გვაძლევს საფუძველს, შევიმუშავოთ დოკუმენტი იმის შესახებ, თუ რა ვითარებაა რეალურად საშუალო განათლების სისტემაში. კვლევა არა მარტო პრობლემების იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება, არამედ რეკომენდაციების შესამუშავებლად კარგი ორიენტირი იქნება“ - განაცხადა კუტალაძემ.
მისივე განმარტებით, 2006-2007 წლებში ჩატარებული ორივე კვლევის ანგარიშები გამოქვეყნებულია, თუმცა, მას აქამდე სათანადო ყურადღება არ ექცეოდა.
როგორც ია კუტალაძემ აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაცია შეეცდება საერთაშორისო ორგანიზაციების და დაინტერესებული პირების ყურადღება იმ პრობლემებზე მიაპყროს, რომლებიც აღნიშნულმა კვლევებმა გამოავლინა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია“ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა და ცენტრის ყოფილმა თანამშრომლებმა დააარსეს, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. ორგანიზაციის პრეზიდენტი მაია მიმინოშვილია.
