მიხეილ ჯანელიძე აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
მიხეილ ჯანელიძე აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
11:53 07.07.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ.

“ვულოცავ აშშ-ს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე არის მნიშვნელოვანი არა მარტო ამერიკელი ხალხისთვის, არამედ ეს დღე მნიშვნელოვანია თავისუფალი სამყაროსთვის, რადგან ის არის გამოხატულება დემოკრატიისა და თავისუფლების. ეს არის ღირებულებები, რომელიც აკავშირებს საქართველოს და აშშ-ს და სწორედ ამიტომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ვითარდება ბოლო 25 წლის განმავლობაში ასე აქტიურად. განსაკუთრებით აღსანიშნავია წლევანდელი ჩვენი აქტიური თანამშრომლობა, რომელიც დაიწყო ახალ ადმინისტრაციასთან. ძალიან მოხარულები ვართ, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი შეხვდა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს ვაშინგტონში, ჩვენ ველოდებით უკვე ვიცეპრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში ახლო მომავალში. ეს არის ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა თავდაცვის, ეკონომიკის, დემოკრატიის და ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით, რომელიც ორიენტირებულია არამხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნის მეგობრობაზე, არამედ ორიენტირებულია რეგიონში სტაბილურობაზე” - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საზეიმო მიღებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.


ბეჭდვა