კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თეატრალიზებული აქცია გამართა და კომპანია „გლობალ ტვ“-სთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გააპროტესტა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ცოტნე ზურაბიანმა განუცხადა, აქციის მონაწილეები სამინისტროსთან სხვადასხვა სახის თეფშებით მივიდნენ და ამგვარად გამოხატეს „გლობალ ტვ“-ს კუთვნილი სატელიტური 300 ათასი თეფშის დაყადაღებაზე თავისი პროტესტი.
„დღევანდელი აქციის მთავარი მიზანია გავაპროტესტოთ „გლობალ-ტვ“-ს ანტენების დაყადაღება. თეფშების „დაპატიმრებით“ ხელისუფლებამ მკაფიოდ უთხრა საზოგადოებას, რომ ის უარს ამბობს თავისუფალი ინფორმაციის გავრცელებაზე“ - განაცხადა ზურაბიანმა.
აქციის მონაწილეებმა სამინისტროსგან ხალხის ნების შესრულება და სახელმწიფოს სამსახურში ჩადგომა მოითხოვეს, რათა, მათი თქმით, პოლიცია არ იყოს მხოლოდ ერთი ადამიანის - მიხეილ სააკაშვილის დაკვეთების შემსრულებელი.
მათივე თქმით, დღეს საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად სამართლიანობის დეფიციტი აქვს და შსს-მ ეს ხარვეზი უნდა აღმოფხვრას.
