პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მიერ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების დაჯარიმებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოში საჩივარს ხვალ შეიტანენ.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კოალიციის ადვოკატმა სანდრო ბარამიძემ განუცხადა.
„საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საჩივარი მზადაა, რომელსაც ხვალ შევიტანთ“ - აღნიშნა ბარამიძემ.
საქალაქო სასამართლომ, კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის დადგენილების საფუძველზე, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური სუბიექტები და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ 2 383 097 ლარით დააჯარიმა.
სასამართლო დადგენილებით, აღნიშნული თანხა ექვს სუბიექტს შორის - „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“. „კონსერვატიული პარტია“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ სოლიდარობის პრინციპით გადანაწილდება.
კონტროლის პალატის განცხადების თანახმად, შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476.614.51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია „ქართული ოცნების“ საოფისე ფართებში, რომლითაც დღემდე სარგებლობენ პოლიტიკური სუბიექტები - საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი პარტიები - „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“, „კონსერვატორული პარტია“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.საქართველო“, „კონსერვატორული პარტია“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.
დაკისრებული ჯარიმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.
