ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
18:23 04.07.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს მე-4 მოწვევის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. ზურაბ პატარაძესთან ერთად ანგარიშის წარდგენას რეგიონის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტების და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ იმ საკანონმდებლო ცვლიელებებსა და ინიციატივებზე ისაუბრა, რომლებიც ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის პერიოდში განხორციელდა. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომლის დროსაც დავით გაბაიძემ და დეპუტატებმა დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

„ჩვენ დღეს მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი, სრულფასოვანი ანგარიში. ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია ის შეხვედრები, ის საკანონმდებლო აქტები, ინიციატივები და გადაწყვეტილებები, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ამ მოკლე პერიოდში იქნა განხორციელებული. ჩვენი რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების სწორი მიდგომები და ერთობლივი პროექტების განხორციელება. დღევანდელი პრეზენტაცია პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი რეგიონი დგას,“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ თავის გამოსვლაში.

საანგარიშო პერიოდში (7 თვე) მე-4 მოწვევის უმაღლესმა საბჭომ მიიღო 56 სამართლებრივი აქტი, მათ შორის, 37 დადგენილება, 14 ცვლილება კანონში, 5 რეგლამენტის ცვლილება. ჩატარდა ბიუროს - 30, 6 პლენარული და 9 რიგგარეშე სხდომა. არასასესიო პერიოდში უმაღლეს საბჭო აგრძელებს მუშაობას. საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება.

ბეჭდვა