საქართველოს „ლეიბორისტული პარტია“ ქვეყანაში მედიკამენტების სიძვირეს აპროტესტებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ აღნიშნა, ქვეყანაში არსებობს ე.წ. „მკვლელ აფთიაქართა” კლანი, რომელსაც სააფთიაქო ქსელი მონოპოლიზებული აქვს. მისივე თქმით, ამით ისინი წამლებზე მაღალ ფასებს ინარჩუნებენ.
„ქვეყნის დამრბევთა ამ “საპატიო” სიას ამშვენებენ - სააკაშვილი - „პ.ს.პ” და „ავერსი” და კრიმინალ ოლიგარქი ივანიშვილი - “ფარმა დეპო”-აღნიშნა ძაგანიამ.
მისივე განმარტებით, „ლეიბორისტული პარტია“ ამზადებს კანონპროექტს „პირველადი მოხმარების მედიკამენტების შესახებ”, სადაც განსაზღვრული იქნება იმ წამლების ნუსხა, რომელზეც ზღვრული ფასები უნდა დაწესდეს. დოკუმენტი გაითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის გარკვეული სახის წამლების უფასოდ გადაცემის ვალდებულებასაც.
