ყველა პოლიტიკური პარტია საქართველოში უნდა ეცადოს, მინიმუმამდე დაიყვანოს ფიზიკური დაპირისპირების შესაძლებლობები.
ამის შესახებ დღეს უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა საქართველოში აშშ–ს ელჩის ჯონ ბასის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.
„ყველა პოლტიკური პარტია უნდა ეცადოს მინიმიზაცია მოახდინოს ისეთი არასასურველი მოვლენების, როგორსაც მაგალითად ადგილი ჰქონდა სულ რამდენიმე ხნის წინ, რამდენიმე ქართულ სოფელში“ – განაცხადა წიკლაურმა.
მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი არის იდეების, პოზოციების, პროგრამებისა და პლათფორმების შეჯახება და დაპირისპირება და არა ადამიანებს შორის ფიზიკური დაპირისპირება.
როგორც წიკლაურმა განაცხადა, ფიზიკური დაპირისპირება საღი აზრისთვის შესაძლებლობას არ ტოვებს.
ამასთანავე, ის მიესალმება NDI-ს და IRI–ს სადამკვირვებლო მისიების საქართველოში ჩამოსვლას და მიიჩნევს, რომ რაც უფრო ფართო იქნება დამკვირვებელთა მისიები, მით უფრო მეტი იქნება ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ და უფრო მაღალი იქნება ჩატარებული არჩევნების დემოკრატიულობის სტანდარტი.
„სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიამ პრაქტიკულად ბოიკოტი გამოუცხადა აშშ–ს და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამერიკას წარმოადგენენ. პირდაპირ მოსთხოვეს აშშ–ს, რომ NDI არ მონაწილეობდეს წინასაარჩევნო კვლევებსა და დაკვირვების პროცესში. ჩვენ ამას ვემიჯნებით“ – განაცხადა წიკლაურმა.
როგორც აშშ–ს ელჩმა დღეს პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პროცესები საქართველოში დემოკრატიულად წარიმართოს და უზრუნველყოფილ იქნეს კონკურენტული გარემო, სადაც ყველა კანდიდატი შეძლებს საკუთარი შეხედულებების ქართველ ამომრჩევლამდე მიტანას. მისი თქმით, ხედვებს შორის განსხვავებების მიუხედავად, აშშ ელის, რომ პროცესები ძალის გამოყენების გარეშე წარიმართება.
