„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭო და მათ შორის მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი მუშაობას ჩვეული რეჟიმით განაგრძობს.
როგორც „ნიუსპრესს“ „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა განუცხადა, „სახალხო კრებამ“ საბჭოს გუშინდელ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, შაშიაშვილის საკითხიც განიხილა, თუმცა, ამ თემას სერიოზული მსჯელობა არ მოჰყოლია და მხოლოდ რამდენიმე სიტყვით ისაუბრეს.
„ყველაფერი ვთქვით, რაც სათქმელი იყო, ერთმანეთს კარგად გავუგეთ და საბჭო მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს. შაშიაშვილის დამოკიდებულება ლუკა კურტანიძისა და სოსო ჯაჭვლიანისადმი კარგად ვიცი. მან ისინი თავის ბრიფინგზე კარგად მოიხსენია. ის მათ არამხოლოდ როგორც სპროტსმენებს, არამედ, როგორც პოლიტიკოსებს ისე უყურებს. ასე რომ, ეს თემა ამოწურულია“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ გაფრინდაშვილმა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით, თემურ შაშიაშვილმა გასულ კვირას განაცხადა, რომ პარლამენტში არ არის სპორტსმენების, მწერლებისა და მსახიობების ადგილი, რამაც „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრების ნაწილში გაუგებრობა წარმოშვა.
„კრება არის განსხვავებული პოზიციების მქონე ადამიანთა ერთობა და სწორედ ამით არის ის ძლიერი. მე ვრჩები ჩემს პოზიციაზე. „სახალხო კრება“ იწყებს აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას, კონსულტაციები გრძელდება და ხმები მისი დაშლის შესახებ გადაჭარბებულია“ - განაცხადა დღეს შაშიაშვილმა.
