კოალიცია „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებთან შეხვედრებზე პრეზიდენტის პირადი მითითებით ბანდიტებს გზავნიან, რომ არეულობა გამოიწვიონ.
ამის შესახებ დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა და მაგალითად, გორის რაიონის სოფელ მერეთში მომხდარი ინციდენტი მოიყვანა.
„ყველგან, სადაც არეულობა ხდება, თქვენი მიგზავნილი ბანდიტები არიან. პრეზიდენტი ისეთი დონისაა, რომ მისი პირადი მითითებით ხდება ამ ბანდიტების მიგზავნა. მერეთშიც თქვენი ბანდიტები მიაგზავნეთ, რომ კრიმინალური ქმედებები ჩაედინათ“ – განაცხადა ბაღათურიამ.
მისი თქმით, თუ წინასწარ განზრახული არ იყო არეულობის მოწყობა, მაშინ რა უნდოდათ ოპოზიციის ლიდერების თავის მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ცნობით, კოალიციის ლიდერების - ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას გორის რაიონის სოფელ მერეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას ხელისუფლებამ პროვოკაცია მოაწყო. კერძოდ, კოალიციის ლიდერებთან შესახვედრად ბევრი ხალხი გამოვიდა, რასაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ელოდნენ, ამიტომ დაპირისპირების პროვოცირებისთვის პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
