საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას დაესწრება.
როგორც პრეზიდენტის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, იგი დღის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრასაც გამართავს.
საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის პირადი მიწვევით იმყოფება, სამიტის დაწყებამდე ორმხრივი შეხვედრები ევროსაბჭოსა და ევროკავშირის პირველ პირებთან გამართა.
იგი ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდა. მხარეებმა ყურადღება ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპაკებების პროცესში არსებულ პროგრესზე გაამახვილეს.
შეხვედრაზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მიმდინარე დიალოგში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს, ასევე, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების თემები და შიდა პოლიტიკური ვითარება.
ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი იყო საუბრის მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილსა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ქეთრინ ეშტონს შორის გამართულ შეხვედრაზე. ქეთრინ ეშტონთან გამართული დიალოგისას მხარეებმა ის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს, რომელიც ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს. შეხვედრაზე ქეთრინ ეშტონმა ყურადღება იმ პროგრესზე გაამახვილა, რომელსაც მხარეებმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მიმდინარე დაწყებულ დიალოგში მიაღწიეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ამ პროცესის დაჩქარების შესაძლებობების განხილვა იყო.
საქართველოს პრეზიდენტი ასევე, ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგენს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოტენციალის როლის გააქტიურება იყო. ევროკომისარმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ევროპა საქართველოს ენერგომწარმოებელ ქვეყნად და სანდო პარტნიორად განიხილავს.
ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილსა და ევროპის სახალხო პარტიის ლიდერთან გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობების ფართო სპექტრი და ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოსადმი მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. საუბარი შიდა პოლიტიკურ ვითარებას და მოახლოებულ არჩევნებსაც შეეხო.
