წინასაარჩევნო პერიოდში საკაბელო ოპერატორების მიერ საერთო სატელევიზიო მაუწყებლების ტრანზიტის (Must carry) პრინციპზე კანონპროექტი პირველი მოსმენით, დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი გუშინ განიხილა და კომიტეტის წევრები მასზე მსჯელობას დღესაც გააგრძელებენ. პროექტი საბოლოოდ ხვალ უნდა დამტკიცდეს.
როგორც საკომიტეტო განხილვაზე აღინიშნა, გაიწერება ისეთი სანქციები, რომ საკაბელო ოპერატორებმა მაუწყებლების ტრანზიტის ვალდებულებას თავი ვერ აარიდონ.
კანონპროექტის თანახმად, საკაბელო ოპერატორების მიერ მაუწყებლის სავალდებულო ტრანზიტი პრეზიდენტის მიერ არჩევნების დღის დანიშვნიდან ორი თვის მანძილზე გაგრძელდება და არჩევნების წინა დღეს, პოლიტიკური რეკლამის აკრძალვასთან ერთად შეწყდება.
