ლუქსემბურგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ
დანიის სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ანდერს სამუელსენთან შეხვედრა გამართა .
მიხეილ ჯანელიძემ დანიელ კოლეგას საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის და 2017-2021 წლის დანიის სამეზობლო პროგრამაში (DANEP) საქართველოს პრიორიტეტულ ქვეყნად დასახელებისათვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ DANEP-ის პროგრამა პირდაპირ ეხმიანება საქართველოში ევროპული დღის წესრიგით განსაზღვრული რეფორმებს და მიზნად ისახავს, როგორც დემოკრატიის და ადამიანის უფლებების განმტკიცებას, ასევე მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას.
დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებსა და მათ ხასიათზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მინისტრებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებით მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებზე, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებსა და განხორციელებულ რეფორმებზე. საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.
მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს საქართველო და დანიის სამეფო ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ.
