წინასაარჩევნო პერიოდში საკაბელო ოპერატორების მიერ საერთო სატელევიზიო მაუწყებლების ტრანზიტის (Must carry) პრინციპი ტელეკომპანია „კავკასიასაც“ შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ თბილისში მაუწყებლობს.
ამის შესახებ მსჯელობა დღეს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტზე must carry-ს კანონპროექტის განხილვისას შედგა.
კერძოდ, სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თუ მაუწყებელი ქვეყნის მოსახლეობის 20%-ს მაინც ფარავს, საკაბელოებით მისი ტრანზიტიც უნდა განხორციელდეს. ამასთანავე, აღინიშნა, რომ „კავკასიის“ დაფარვის ზონა 25%–ს შეადგენს.
როგორც უმრავლესობის წევრმა, კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, არსებობს ორი ვარიანტი - ან „კავკასიამ“ „ჯიბეზე ხელი უნდა გაიკრას და სატელიტური მაუწყებელი გახდეს, ან უნდა მოვიფიქროთ კანონში ისეთი ფორმულირება, რომ მისი ტრანზიტიც განხორციელდეს“.
მისი თქმით, ასეთი ფორმულირება შემუშავდება იმ მიზნით, რომ სხვა ტელეკომპანიებთან ერთად „კავკასიის“ მაუწყებლობაც გავრცელდეს.
როგორც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნინო ჯანგარიშვილმა განაცხადა, ეს წინადადება მისთვის მისაღებია, რადგან ამით გამოჩნდება, არსებობს თუ არა ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რათა ამ სისტემაში „კავკასია“ არ დაიბლოკოს.
„ჯერჯერობით, არ ვიცი, ეს წინადადება ჩაიწერება თუ არა, თუმცა, იმედი მაქვს, რომ მას მიიღებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ „კავკასია“ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოჩნდება“ – განაცხადა ჯანგირაშვილმა.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ მომავალ კვირაში ტელეკომპანია „კავკასია“ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების მოთხოვნით მიმართავს.
ნუგზარ წიკლაურის განცახდებით, შეთანხმება შეეხო ასევე სანქციების დაწესებას. კერძოდ მისი თქმით, გაიწერება ისეთი სანქციები, რომ საკაბელო ოპერატორებმა ვერ აარიდონ თავი მაუწყებლების ტრანზიტის ვალდებულებას.
ამასთანავე, წიკლაურის თქმით, მისაღებია ის შენიშვნაც, რომ თუ ორი კანდიდატურა ამა თუ იმ საარჩევნო ოლქში მეორე ტურში გადავა, მათაც უნდა მიეცეთ წინასაარჩევნო აგიტაციის წარმოების შესაძლებლობა და შესაბამისად საკაბელოებს გაუგრძელდებათ შესაბამის ოლქში მაუწყებლის ტრანზიტის ვალდებულბა.
რაც შეეხება არჩვენების შედეგების გამოცხადებამდე ტრანზიტის ვალდებულების გაგრძელებას, ამ საკითხზე შეთანხმება კვლავაც ვერ ხერხდება და უმრავლესობა აცხადებს, რომ ასეთი ვალდებულება კერძო ბიზნესზე არ გავრცელდება.
კანონპროექტი პირევლი მოსმენით ხვალ პლენარულ სხდომაზე განიხილება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანონპროექტზე იმსჯელებას ხვალ გააგრძელებს და მეორე და მესამე მოსმენისთვის მომზადებს. პროექტი პარასკევს დამტკიცდება.
